Friday, May 21, 2010

გოდერძი ჩოხელის ავტობიოგრაფია



დავიბადე 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში; უფრო სწორად, ჩოხში არა.

ჩოხი ითვლებოდა წმინდა ადგილად. ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი არის იქ და არ შეიძლება მშობიარობა (არც ადრე შეიძლებოდა, რა თქმა უნდა).

ამიტომ დედაჩემი წავიდა ზევით მთაში თავის დედ–მამასთან, სოფელ ბურსაჭირში, მაგრამ იქამდე ვერ მივაღწიე და გზაში გავჩნდი, გზაზე დავიბადე. შემოდგომა იყო, ციოდა. დედაჩემს მდინარის გაღმა სახლი დაუნახავს და იქ მისულა. ეს მწყემსების სახლი ყოფილა, მაგრამ არც იმათ შეუშვიათ.სახლშიც არ შეიძლებოდა მშობიარეს შესვლა. გომურში შესულა და ის ღამე იქ გაგვიტარებია...

ორმოცი დღე დავრჩენილვარ ბურსაჭირში და მერე დამაბრუნეს ჩოხში.

ჩოხში დავამთავრე რვა წლიანი სკოლა.

პირველად ფილმი ჩოხში ვნახე, მეოთხე კლასში და იქიდან გადავწყვიტე, რომ კინოსთვის დამეკავშირებინა ჩემი ბედი. შემდეგი ორი წელი ფასანაურში ვსწავლობდი, საშუალო სკოლაში.

შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთავერლის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგრამ გადავედი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე,რომელი­­ც მოგვიანებით შეიქმნა.

ჩემი პირველი საკურსო ფილმი იყო "ნამეხარი მუხა". მეორე საკურსო ფილმი იყო "ადგილის დედა", რომელმაც მიიღო გრან–პრი ქ.ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. პრიზის მისაღებად არ წავსულვარ. არც ვიცოდი, ჩემი ფილმი ფესტივალზე თუ იყო გაგზავნილი.

ინსტიტუტი დავამთავრე 1979 წელს და იმავე წელს მიმიღეს დამდგმელ რეჟისორად "ქართულ ფილმში".

მწერლობა დავიწყე 1977 წელს. საკურსო ფილმებისთვის ვწერდი სცენარებს და შემდეგ დამიბეჭდეს, როგორც მოთხრობები. რედაქციაში რამდენიმე სცენარი დამიწუნეს და სხვა დაგვიწერეო, მეუბნებოდნენ. თურმე, თავიდანვე მოსწონებიათ და იმიტომ მაწერინებდნენ. პირველი გამოხმაურება ბატონებმა – ნოდარ წულეისკირმა და ნიკო კეცხოველმა დამიწერეს.

მერე, ჩოხელები ისეთი ჯიუტები ვართ...

ჩოხელი ქვაზე შედგა და აღარ ჩამოდიოდა. ეხვეწნენ, ჩამოდი, გაცივდებიო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ბოლოს მართლა გაცივდა და მოკვდა...

ჰოდა, მეც დღემდე ჯიუტად ვწერ...

ჩემი პირველი წიგნი 1980 წელს დაიბეჭდა გამომცემლობა "მერანში" - "წერილი ნაძვებს". ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და აღფრთოვანებული იყო ჩემი სცენარებით და მოთხრობებით. მაწერინებდა და მაწერინებდა...

სადებიუტო ფილმი იყო "ბაკურხეველი ხევსური".

1982 წელს მოვიყვანე ცოლი – ნინო. მყავს ორი შვილი – ლუკა და ნიკოლოზი. ჩოხში მამა მყავს. დედა აღარ მყავს. მამა 78 წლისაა. მყავს ერთი და,–ელისო, გათხოვილია სოფელ ჭართალში. სკოლის მასწავლებელია.

No comments:

Post a Comment